"ეს არის პროექტი, რომელსაც უნდა ეხსნა ჩვენი ქალაქი საცობებისგან, უნდა ეხსნა თბილისის ეკოლოგიური კატასტროფისგან, ეს არის პროექტი, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და დანაშაულებრივად გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებულ მშენებლობაზე.
მისი თქმით, საცობების გამო ქალაქში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.
"ეს არის პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულებრივად გააჩერა. ეს არის პროექტი, რომელსაც უნდა ეხსნა ჩვენი ქალაქი საცობებისგან, უნდა ეხსნა თბილისის ეკოლოგიური კატასტროფისგან. ახლა, როცა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ, ათასობით ადამიანი საცობშია, დაიწყო სწავლა და ჩვენი შვილები საცობებში ატარებენ დროს. მე, როგორც სამი შვილის დედას, შვილების ბევრ აქტივობაზე მომიწია უარის თქმა რადგან ამ ქალაქში გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
მაგრამ მე გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი ქალაქი იქნება ქალაქი საცობების გარეშე, უსაფრთხო ჩვენი შვილებისთვის, ნამდვილი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი. დიახ, ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ჩვენ ვირჩევთ ქალაქს საცობების გარეშე და, რაც მთავარია, ჩვენ ვირჩევთ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე.