აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტების მიერ 16 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას აშშ-ს ჰელსინკის კომისია X-ზე ეხმიანება.
"ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, რომელიც საკუთარ კანონებს იცავს და ადამიანის თავისუფლებებს პატივს სცემს. ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა ქვეყნის კონსტიტუციასავე ეწინააღმდეგება.
გუშინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება ამერიკელების ქართველებისადმი სოლიდარობის დემონსტრაციაა. ქართველებს უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ისე, რომ თავიანთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე არ ღელავდნენ" - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.