საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამის შესახებ საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს გადახედოს.
„დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო.
ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის რჩევის, რომ ის „სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს“, უგულებელყოფით.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.