პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.
გახარიას თანახმად, მან სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც პრეზიდენტი დაეთანხმა.
„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახარია.
მანამდე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა.