„ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი-გირჩი-დროა“, „ლელო“ და სალომე ზურაბიშვილი თანხმდებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ პირობებში, გასაკვირი არაა, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლებს თავის მართლების არავითარი რესურსი არა აქვთ.
„შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია არა ომის დაწყების საკითხმა, არამედ ურთიერთპატიებისა და შერიგების თემამ გამოიყვანა მწყობრიდან. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ურთიერთპატიება და შერიგება სწორედ იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა 2008 წელს გარედან მიღებული დავალება შეასრულა და ომი დაიწყო. სწორედ შერიგება და არა ომის დაწყების თემა არის ტრაგიკული რადიკალური ოპოზიციისთვის.
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. როგორც კი მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დადგება დღის წესრიგში, რადიკალური ოპოზიცია ისევ გარე დაკვეთას შეასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს დაბლოკავს და ამით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გადამწყვეტ დაბრკოლებას შეუქმნის. მათი და მათი პატრონების ამოცანაა, საქართველო მუდმივად დარჩეს კონფლიქტის რეჟიმში, რათა მუდმივი რყევების პირობებში უწევდეს არსებობა, ზომაზე მეტად არ გაძლიერდეს და გარედან ადვილად მანიპულირებადი იყოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.