შინდისის საჯარო სკოლის რემონტი დაფინანსებულია აშშ-ის მიერ. აშშ ზრუნავს, რომ საზღვრისპირა სოფელში ჩვენს ბავშვებს ჰქონდეს სათანადო სწავლის პირობები, მაგრამ ამ დახმარებას ყოველდღე ანადგურებს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოზიდული იქნება 14 მილიარდი, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი იქნება ბავშვების განათლებისთვის, სკოლებში მათი უფასო კვებისთვის.
“ჩვენ ახლა ვდგავართ შინდისის საჯარო სკოლის წინ და თქვენ ხედავთ გარემონტებულ სკოლას, რომლის რემონტიც დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მიერ. ამერიკელი ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ საზღვრისპირა სოფელში ჩვენ ქართველ ბავშვებს ჰქონდეს სათანადო სწავლის პირობები. ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვაშოროს და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, გაანადგუროს. ჩვენ შეგვიძლია ერთი რამ, არჩევნების შემდეგ, 14 მილიარდის მოზიდვა და ამ 14 მილიარდში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წილი იქნება ზუსტად ჩვენი შვილების განათლებისთვის, იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეს უფასო კვება სკოლებში, რადგან ბავშვები გაკვეთილზე არ ფიქრობდნენ საჭმელზე და არ აწუხებდეთ მუცლის ტკივილი შიმშილისგან. ეს არის ჩვენი რეალური გამოწვევა დღეს საქართველოში, რადგან ჩვენი შვილები, ჩვენი ბავშვები სკოლებში შიმშილობენ, ეს რიცხვი ძალიან დიდია - 30 პროცენტზე მეტია, ჩვენს ბავშვებს არ აქვთ სათანადო კვება, სათანადო სივრცე განათლების მისაღებად და ამისათვის ერთი რამ არის საჭირო - აუცილებლად 26 ოქტომბერს გავაკეთოთ არჩევანი ოპოზიციის და დასავლეთის სასარგებლოდ და მოვიზიდოთ ის მხარდაჭერა, რაც არის საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.