“ჩვენ ვართ ახლა შინდისში და აქ მდებარე სკოლის რეაბილიტაცია, აშენება და ამ პროცესში დახმარება მოხდა აშშ-ს მიერ, ამერიკის მოქალაქეების მიერ, მიმდებარე სოფლებში ასევე არის სკოლები, რომლებიც აშენდა აშშ-ს დახმარებით. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ; ან ვიცხოვრებთ ევროკავშირში და კეთილდღეობაში, ან ვიცხოვრებთ იზოლაციაში, სანქცირებული "ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ", - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გია ჯაფარიძე შინდისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში გია ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან, კოალიციის ერთ-ერთ ლიდერთან თამარ კორძაიათან და ენმ-ს გორის საკრებულოს დეპუტატ ბექა ქორჩილავასთან ერთად იმყოფება.
"ჩვენ ვართ შინდისში და ჩემს გვერდით არის თამარ კორძაია, რომელიც დევნილია 1992 წლიდან და არც თამარ კორძაიას, არც 300 ათასამდე დევნილს, საქართველოს არცერთ მოქალაქეს, ქართველ ხალხს, ბოდიში არა აქვს მოსახდელი არავის მიმართ - ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით. ჩვენ ვართ ახლა შინდისში და აქ მდებარე სკოლის რეაბილიტაცია, აშენება და ამ პროცესში დახმარება მოხდა აშშ-ს მიერ, ამერიკის მოქალაქეების მიერ, მიმდებარე სოფლებში ასევე არის სკოლები, რომლებიც აშენდა აშშ-ს დახმარებით, საოკუპაციო ხაზთან კი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აშშ, როგორც სახელმწიფო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არიან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები და მეგობრები. მათი დახმარებით წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ბევრი რამ გაკეთებულა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. სწორედ "ქართული ოცნება" წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირი და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთეებით, რითაც სარგებლობენ საქართველოდან სიდუხჭირის გამო ევროპის კავშირის ქვეყნებში წასული საქართველო მოქალაქეები. ჩვენ გვინდა ევროპული სიკეთეები, ის ხელფასები, ცხოვრების ის დონე, როგორიც ევროკავშირშია. იმის ნაცვლად, რომ დღეს ჩვენ ვიღებდეთ იმ დახმარებას, რომლის გასაწევად ევროკავშირი და აშშ მზად არიან, "ქართული ოცნება" ჭრის ჩვენთვის სასიცოცხლო ყველა კავშირს აშშ-თან და ევროკავშირთან. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ; ან ვიცხოვრებთ ევროკავშირში და კეთილდღეობაში, ან ვიცხოვრებთ იზოლაციაში, სანქცირებული "ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ", - განაცხადა 'ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ შინდისში.