ოპოზიცია მზად არის, გმირების სახელებს ამოეფაროს, ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე. მზად არიან, ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაყვნენ, მათ შორის, ამოეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი დასახიჩრდა, როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან, თითქოს საუბარი იყოს მათზე, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა, 2008 წელს იქნებოდა თუ სხვა დროს.
ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. ის, რაც მიატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები, „ქართულმა ოცნებამ“ შემოატრიალა და ორივე საქმე მოიგო. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ დასჯილი უნდა იქნეს ის, ვინც 2008 წელს ომის დანაშაული ჩაიდინა. სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შსს მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე. მათ, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები, მათ შორის, აწამა ანწუხელიძე, მართლმსაჯულებით მოეთხოვებათ პასუხი.
გამოჩნდა სახე არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, ჩვენი არასამთავრობო სექტორის, რომელმაც ოს ხალხს უწოდა მკვლელები და პირდაპირ გააიგივა ოსი ხალხი ომის დამნაშავეებთან. წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონები თითქოსდა კონფლიქტის მოგვარების საკითხებს უნდა მომსახურებოდა, აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი გამოაცხადა ომის დამნაშავეებად, რომელთანაც, მათი გადმოსახედიდან, არაფერი სალაპარაკოც არა აქვთ. ეს, ფაქტობრივად, სკანდალია, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა კრიზისში იმყოფება არასამთავრობო სექტორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.