საქართველოში პოლიციის მიმართ ნდობის ხარისხი 86 %-ია. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას.
"საქართველოში პოლიციის მიმართ ნდობის ხარისხი დასაწყისში მხოლოდ 5 % იყო - ახლა 86 %-ია. ჩვენ განვახორციელეთ საგადასახადო სფეროს რეფორმა. განათლების რეფორმა, მოვიწვიეთ 10 ათასი ამერიკელი რათა ასწავლონ ინგლისური საქართველოში და უკვე 1 500 პედაგოგი ჩამოვიდა. სულ მალე მათ სხვებიც უნდა შეუერთდნენ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს რეალურად არა მარტო ინგლისური ენის წავლებას არამედ სწავლების მეთოდის რევოლუციურ ცვლილებასა და კულტურის აღქმის შეცვლას ნიშნავს.
"ეს არის გზა, რომლითაც ქვეყანა წინ მიიწევს.", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას დაესწრება, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.