ეუთოს ახალი თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისის განცხადებით, ეუთო საქართველოში დასაბრუნებლად მუშაობას განაგრძობს.
"ჩვენ გამოვიყენებთ ჟენევის პროცესს, ნდობის აღსადგენად და ვიმუშავებთ ეუთოს მნიშვნელოვანი მისიის დასაბრუნებლად საქართველოში", - განაცხადა აჟუბალისმა გუშინ, ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე, სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მოხსენებითYგამოსვლისას ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრობლემასთან ერთად, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეუთოს ქვეყნებმა გაჭიანურებულ კონფლიქტებთან მიმართებით ისეთივე სოლიდარობა და აქტიურობა უნდა გამოიჩინონ, როგორიც მათ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბალტიისპირეთის მისამართით დააფიქსირეს.
"ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარება საერთო საქმეა. ეს ყველა ჩვენგანის საქმეა... ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად, დიალოგის გზით მოგვარება უნდა იყოს ჩვენი უზენაესი ვალდებულება - ჩვენი უზენაესი ერთობლივი ვალდებულება", - განმარტა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ლიტვა ეუთოს 2011 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.