„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს ოპოზიციად გვევლინება, როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის შესახებ.
„სიძულვილს და ბულინგს რაც შეეხება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ თანმდევი პროცესი. მე კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობ, იმ რადიკალურ დაჯგუფებაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციად გვევლინება. რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. თუნდაც, მაგალითად, ახლა, როდესაც ჩვენ საზოგადოებას საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარვუდგინეთ, ყველამ ნახა, როგორი თავდასხმები მიდიოდა ჩვენს გმირ და ღირსეულ ოლიმპიურ ჩემპიონებზე, სპორტსმენებზე. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თანმდევი პროცესი, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენონ, გალანძღონ, დააბულინგონ, სტრესში ჩააგდონ. ადრე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ ადამიანებს, დღეს უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ, სამწუხაროდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.