ის 14 მილიარდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა საქართველოში, რასაკვირველია, მიმართული იქნება ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერი ხატია დეკანოიძემ თსუ-ს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული შესაძლებლობები.
"რატომ ვართ ჩვენ დღეს აქ და რატომ ვართ ამ ქვეყანაზე შეყვარებულ ახალგაზრდებთან: მე ვარ თვითონ ის ადამიანი, რომელიც ასწავლის თსუ-ში და ვიცი, რომ სულ მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი და სტუდენტების ოჯახებს არა აქვთ იმის საშუალება, რომ გადაიხადონ ის დიდი ფასი, რომელიც თბილისში ბინის ქირა ღირს. ამიტომ ის 14 მილიარდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა საქართველოში, რასაკვირველია, მიმართული იქნება ამ ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად. მე მახსოვს და, ალბათ, ყველას ის დრო, როცა ახალგაზრდების მშობლებს ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად უნდა გადაეხადათ უამრავი ფული, რათა კორუფციითა და ნეპოტიზმით მოხვედრილიყვნენ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ შევძელით, მიხეილ სააკაშვილის სწორი გადაწყვეტილებით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ათასობით სტუდენტისთვის მიგვენიჭებინა ის შესაძლებლობა, რომელიც იყო აუცილებელი.
სწორედ ამიტომ, საქართველოს კარიბჭე ევროკავშირში, ეს იქნება კარიბჭე, ფანჯარა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ ყველანაირად ღირსეული პირობები, ამიტომ, როცა 14 მილიარდიან დახმარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწორედ ეს, საცხოვრებელი პირობების პრობლემლები უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.
მე მახსოვს, როგორ ტრაბახობდა "ქართული ოცნება" პარლამენტში, რომ ახალგაზრდებს ექნებოდათ ღირსეული პირობები, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს ვერ მოგვარდა. ჩემი სტუდენტები მიყვებიან, რომ მათ არა აქვთ საშუალება, ჰქონდეთ ღირსეული პირობები ახალი სასწავლო წლის გახსნისთვის, არადა, თქვენ იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში, რეგიონებიდან 30 ათასზე მეტი სტუდენტი ჩამოვა დედაქალაქში.
ამიტომ ჩვენ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ვიძლევით პირობას, რომ ევროპული პასპორტით, ქართული ღირსეული შესაძლებლობები ქართველი ახალგაზრდებისთვის იყოს ის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელია მათი სწავლა-განათლებისთვის.
დიახ, თბილისი არის ევროპის დედაქალაქი, თბილისი და მთლიანად, საქართველო, უნდა იყოს განათლების დედაქალაქი და რაც მთავარია, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მე კარგად ვიცნობ და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული შესაძლებლობები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.