როდესაც ნარიშკინი ამბობს, რომ აშშ და ოპოზიცია ხელს უშლის ქართულ ოცნებას, უნდა დავსვათ შეკითხვა: რაში უშლის ხელს? იმაში ხომ არა, რომ "ქართულ ოცნებას" სურს, საქართველო პირდაპირ რუსეთს მიაბას? - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი რუსეთის საგარეო დაზვერვისა და "ქართული ოცნების" განცხადებებზე.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანია არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და "ქართული ოცნებისთვის" ხელის შეშლა.
ცისკარიშვილის განცხადებით, არ უკვბირს, რომ კობახიძისა და ნარიშკინის განცხადებები და მიდგომები ერთმანეთს ემთხვევა და ზედმიწევნით მეორდება.
"ხელისუფლებაში ნამდვილად გვყავს რუსეთზე მიბმული სუბიექტები, რომლებიც მოქმედებენ სწორედ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის ნარიშკინის მითითებებით, იმიტომ რომ სწორედ ეს ადამიანი ჰყავს მომაგრებული პუტინს საქართველოს კურატორად, ამიტომ არის, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ ჩნდება პრესაში, თუკი საკითხი არ ეხება საქართველოს. სწორედ ამ დროს აკეთებს ის კომენტარებს და მე სულაც არ მიკვირს, თუ კობახიძისა და ამ სუბიექტის განცხადებები, მიდგომები ერთმანეთს ემთხვევა და ზედმიწევნით მეორდება. აქ მნიშვნელოვანია, როდესაც ნარიშკინი ამბობს, რომ აშშ და ოპოზიცია ხელს უშლის ქართულ ოცნებას, უნდა დავსვათ შეკითხვა: რაში უშლის ხელს? იმაში ხომ არა, რომ "ქართულ ოცნებას" სურს, საქართველო პირდაპირ რუსეთს მიაბას? "ოცნების" მიზანია, რომ საქართველომ თავის ისტორიულ მიზანს - ევროატლანტიკური ოჯახის წევრობას ვერ მიაღწიოს და ამაში უშლის ხელს ოპოზიცია, რადგან ოპოზიციას, ისევე როგორც ქართველ ხალხს, უნდა საქართველოს ხილვა ევროპაში, რათა მათი შვილები და შემდგომი თაობები იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები, "ქართული ოცნება" კი ადგას დიამეტრულად განსხვავებულ გზას, რაც მოსწონს რუსეთს და რაშიც ჩვენ ხელს ვუშლით", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.