წარმატება მართლაც ერთი ხელის გაწვდენაზეა, ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს საარჩევნო კამპანია იმასთან დაკავშირებით კი არა, არჩევნებს რომ მოვიგებთ, ვინ გახდება პრეზიდენტი და ვის დაუჭერს ოპოზიცია მხარს, არამედ როგორ არ გავამარჯვებინოთ, არ გავაყალბებინოთ “ოცნებას” ეს არჩევნები, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
“წარმატება მართლაც ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ამას უნდა ძალიან ბევრი ნაყოფიერი მუშაობა, “ოცნებას” არ უნდა მივცეთ საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში, რომ მოემზადოს გაყალბებისთვის და თვითონ არჩევნების დღეს გადაწეროს ოქმები და გააყალბოს არჩევნები, ამისათვის ყველა პარტია, მათ შორის პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია, ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდონ გადაამოწმონ თავიანთი საცხოვრებელი მისამართი, დაახლოებით რამდენი უცხო პირია მიწერილი თითოეულ ამ მისამართზე, რადგან ჩავთვალოთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიწერილია უცხო ბინაზე ან კერძო სახლზე, არიან “ოცნების” გამყალბებლები, ეს ადამიანები მოვლენ ე.წ. კარუსელზე და ჩვენი ემიგრანტების ნაცვლად ისინი მისცემენ ხმას “ოცნებას”, ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს საარჩევნო კამპანია იმასთან დაკავშირებით კი არა არჩევნებს რომ მოვიგებთ ვინ გახდება პრეზიდენტი და ვის დაუჭერს ოპოზიცია მხარს, არამედ როგორ არ გავამარჯვებინოთ, არ გავაყალბებინოთ “ოცნებას” ეს არჩევნები და ამისათვის მხოლოდ ბოლო დღეს დაკვირვება წინასაარჩევნო პროცესის და კომისიების დაკომპლექტება და თუნდაც ბევრი დამკვირვებლის მიყვანა არ არის საკმარისი, “ოცნება” წინასწარ შეამზადებს ველს, რომ საერთოდ ვერავინ ვერ მოვიდეს აზრზე და ისე შევიდეს გამყალბებელი თავისი პირადობით და სხვა მისამართზე ჩაწერით და იმ უბანზე სიაში ყოფნით და ხმა მისცეს ლეგალურად ისე, რომ დამკვირვებლის ყურადღების მიღმა აღმოჩნდეს ეს გამყალბებელი, ამიტომ ამაზე არის სამუშაო დღეს, გამარჯვება არის მოსაპოვებელი და შემდეგ გაერთიანებულად ოპოზიცია, ახალი კოალიციური უმრავლესობა ვის დაუჭერს მხარს, ალბათ ვისაც კარგი გეგმა, კარგი პროგრამა ექნება, შესაბამისი კომუნიკაცია ექნება სხვადასხვა პარტიებთან, ვინც დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას.
“ოცნების” მხარდაჭერა დიახ, სადაც 20-იდან 25 პროცენტამდე მერყეობს, მაგრამ მათ აქვთ ადმინისტრაციული რესურსი, გაყალბების შესაძლებლობები და ამის ხარჯზე ცდილობენ, რომ 25 პროცენტზე მაღლა ავიდნენ, ამიტომ პირველ რიგში სამუშაო არის ამ საკითხებზე, არ უნდა მივცეთ საშუალება შემდეგი თვე ნახევრის განმავლობაში რომ შეამზადონ ველი გასაყალბებლად და ბოლო დღეს ეს არჩევნები გააყალბონ, ამაზე ვიმუშაოთ, ამაზე უნდა ვიყოთ ყველანი მობილიზებულები, თუნდაც მაგალითი აიღოს ივანიშვილისგან, რომელიც ჩაეწერა სიაში, თავი გამოიჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ ამბობდა, პოლიტიკაში არ დავბრუნდებიო, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვბრუნდები ე.ი. კარგი გუნდი ვერ შევქმენიო და მაშინ თუ ასეთი ცუდი მენეჯერი ვარ, რაღას ვბრუნდებიო - ეს არის ივანიშვილის სიტყვები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან უჭირთ, რთული პერიოდია მათთვის, შეიძლება დამარცხდნენ და ამის ძალიან დიდი ალბათობაა, ამ კაცს მოუწია თამაშში შემოსვლა და სიაში საკუთარი თავის პირველ ნომრად ჩაწერა. იგივე შეუძლია გააკეთოს პრეზიდენტსაც, თუ აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ რეჟიმის დამარცხებაში და საერთო ოპოზიციური ბრძოლის წარმატებაში, მაშინ მანაც პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თქვენ გაიმარჯვეთ და მერე მე მხარი დამიჭირეთ საპრეზიდენტო კანდიდატად, ეს ჩემი გადმოსახედიდან არ არის გამართლებული მიდგომა, რაც მას რეალურად შეუძლია გააკეთოს, თუნდაც ამ არჩევნების წარმატებისთვის და ოპოზიციისთვის დამატებითი მეორე სუნთქვის გასახსნელად და დამატებითი ძალების მისანიჭებლად არის მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, შეწყალების აქტის გამოცემა, რა გადაწყვეტილებასაც ის სამწუხაროდ ვერ და არ იღებს. ეს მისი მხრიდან იქნებოდა ძალიან სერიოზული, გაბედული ნაბიჯი იმისათვის, რომ ოპოზიციას შეემატოს მხარდაჭერა და გაეხსნას მეორე სუნთქვა წინასაარჩევნო პერიოდში.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.