სინამდვილეში, ზუსტად ის არის რუსული სისტემა, როდესაც არასამთავრობო სექტორი სრულად უცხოურია, სხვა ქვეყნის დაფინანსების კმაყოფაზე. ამიტომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, საჯარო თანხებით იქნება ეს თუ კერძო შემოწირულობებით, მოხდეს ამ სექტორის დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რა თქმა, უნდა მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში განვითარდეს. სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება, სინამდვილეში, რამდენიმე „ენჯეოკლანის“ მიერ დომინირებული სექტორია. რიგი მათგანი არა ქვეყნის, ხალხის ინტერესებიდან მოქმედებენ, არამედ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, საკუთარი ორგანიზაცული ინტერესებიდან. არანაირი კავშირი მათ ხალხთან არ აქვთ. არის ხუთკაციანი, ათკაციანი ოფისში ჩაკეტილი ჯგუფები, რომელთა ლეგიტიმაციაც იზომება იმის მიხედვით, რამდენი ფული აქვთ დაფინანსების სახით მიღებული. ამავე დროს, ნებისმიერ საზოგადოებაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის მნიშვნელოვანი, ამიტომ სწორედ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაფინანსება იყოს მიმართული ამ საქმეზე. სწორედ ეს არის იდეა.
გასაკვირია, გუშინ ისეთი გამოხმაურებები მოვისმინე, თითქოს ეს არის მოსყიდვა. რა გამოდის, რომ დღეს „ენჯეოები“ მოსყიდული არიან? ამას ამბობენ, რომ ეს იქნება სამთავრობო ორგანიზაცია? გამოდის, ისინი აღიარებენ, რომ უცხო მთავრობის ორგანიზაციები არიან? თავად ხომ შეატყვეთ, აბსურდში არიან, საბოლოო ჯამში, საკუთარ ტყუილში, სიცრუეშივე იკარგებიან. ეს ინიციატივა მისასალმებელია. სხვათა შორის, არასამთავრობო სექტორშიც იყო საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზომავდეთ ჩვენს ქვეყანას. რატომ უნდა იყოს საჭირო, რომ უცხო ხელისუფლებებმა აფინანსონ რაღაც მიმართულებები მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტს ამისი სრული შესაძლებლობა აქვს? თუ ამბობთ, რომ გერმანია ან აშშ რუსულ გზას ადგას, ეს თქვენი უფლებაა. მზე რუსეთშიც აღმოსავლეთიდან ამოდის და გერმანიაშიც, ეს არ ნიშნავს, რომ გერმანია რუსულ გზას დაადგა, რადგან მზე ერთი და იმავე მხრიდან ამოდის. როგორ ფიქრობთ, გერმანიაში თუნდაც კვლევითი ინსტიტუტები, ასოციაციები საიდან ფინანსდებიან? ამერიკიდან ფინანსდებიან თუ გერმანიის საჯარო სახსრებით ან კერძო შემოწირულობის სახსრებით? აშშ-ში ასოციაციებსა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს, გაერთიანებებს ვინ აფინანსებს, გერმანია თუ თავად აშშ საჯარო სახსრებით ან კერძო შემოწირულობებით ხდება? ზუსტად ეს არის სისტემა, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოში“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, მოხდეს სამოქალაქო სექტორის დაფინანსება.
„სინამდვილეში, ზუსტად ის არის რუსული სისტემა, როდესაც არასამთავრობო სექტორი სრულად უცხოურია, სხვა ქვეყნის დაფინანსების კმაყოფაზე. ამიტომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, საჯარო თანხებით იქნება ეს თუ კერძო შემოწირულობებით, მოხდეს ამ სექტორის დაფინანსება. ხომ ამბობენ, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავენ, ხალხის სახელით მოქმედებენ, რატომ ვერცერთი ადამიანი ვერ ნახეს ამ ქვეყანაში, რომელიც მათ დააფინანსებდა? დღემდე ვერ მოახერხა არასამთავრობო სექტორმა ეს. ექიმების ინტერესებს თუ გამოხატავენ, რატომ არ აფინანსებენ ექიმები, რომელიმე სხვა ჯგუფის ინტერესებს თუ გამოხატავენ, რატომ არ აფინანსებენ? რატომ ვერცერთი დამფინანსებელი ვერ ნახეს? ჩვენ ღია, გახსნილი საზოგადოება ვართ, არავის ეთაკილება და არ უჭირს, რომ დააფინანსოს ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, რადიკალური პარტიები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვინმე თუ დაინახავდა, რომ ესა თუ ის არასამთავრონო ორგანიზაცია მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესში, რატომ არ დააფინანსებდა? ამიტომ ეს არის მისასალმებელი ინიციატივა, სინამდვილეში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს ახალი დასაწყისის ეტაპია. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ჩვენ თავს უნდა ვეყუდნოთ და, აქედან გამომდინარე, ქართველმა ხალხმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს საზოგადოებაზე. ეს ბიუჯეტი ქართველი ხალხის ბიუჯეტია და ყველა ჩვენგანმა უნდა დავაფინანსოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.