უკვე რამდენიმე წელია, სამსახურიდან გაგდებას მოველი, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.
"სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მიყვარს, ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რაც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. 14 წელია, იქ ვმუშაობ და ისედაც, გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომხრე, ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობდნენ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ამ მუზეუმის მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული, თუნდაც ამ მუზეუმის ცნობადობის ამაღლების კუთხით, იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ასობით გამოფენა გვაქვს გაკეთებული, გამოცემული გვაქვს მრავალი წიგნი და ვფიქრობ, ჩემი იქ მუშაობა იყო ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვისაც.
ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ ამას უკვე, მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელობა არა აქვს", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.