აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში; თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების „მატერიალური დარღვევა“ (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).
სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების მქონე სხვა თანამდებობის პირის წინაშე; აზერბაიჯანს დაუდგინდა მე-8 მუხლის დარღვევაც, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას გულისხმობს.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მუხთარლის უნდა გადაუხადოს 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ - 8 500 ევრო არამატერიალური ზიანის, იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად (სულ 21 000 ევრო).
მუხთარლი აზერბაიჯანიდან საქართველოში 2015 წელს გაიქცა, რადგან შიშობდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოჯახთან დაკავსირებით კორუფციული გამოძიების გამო დააკავებდნენ.
თუმცა, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს.