რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი სერგეი ლავროვის მხრიდან სხვების სინდისზე საუბარს "სარკაზმად" აფასებს.
"ძალიან საინტერესოა ოკუპანტი მხარის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება. მართალია, მორალი და სინდისი პოლიტიკაში ფუძემდებლური პრინციპები არ არის, მით უმეტეს რუსეთისთვის, მაგრამ როცა მეზობელ ქვეყანაში ოკუპანტ სახელმწიფოს წარმოადგენს არა მარტო სამხედრო ოკუპაციის თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური მართვის მხრივაც, რადგან მოსკოვს სრულად უპყრია სადავეები ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის მართვის, სინდისზე და მორალურ ასპექტებზე ლაპარაკი ცოტა გადაჭარბებულია, სარკაზმული თუ არა", - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს ლავროვის განცხადებაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავარი დიპლომატის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ნახმარი ტერმინი "ოკუპაცია" მათ სინდისზე უნდა იყოს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს.
"რუსეთისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და ქვეყნებმა უკვე ელჩებიც გაცვალეს. ყველამ იცის ეს როგორ მოხდა. სააკაშვილმა გასცა ბრძანება დაებომბათ და სარდაფებში აეფეთქებინათ ადამიანები, რომლებსაც იგი თავის მოქალაქეებად თვლიდა. საკუთარ მოქალაქეებს ასე არ ექცევიან. ამიტომაც მათ ჰქონდათ სრული უფლება ხსნა დამოუკიდებლობაში ეძებნათ", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.