ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი რუსული კანონია, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება. 26 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ქვეყანა დაკარგავს ყველაფერს, რასაც დღემდე მიაღწია.
"ოცნების" განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული კანონი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ეხმაურება იმ არჩევანსაც, რა არჩევანის წინაშეც ჩვენი ამომრჩევლები დგანან 26 ოქტომბერს. რას ვირჩევთ ჩვენ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.
მეტსაც გეტყვით: თუ პიტერ სტანოს განცხადების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის, რასაც მივაღწიეთ დღემდე: კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და,. რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, საქართველო ამ ნაწილშიც უკან დაიხევს და ესეც არ იქნება - ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რაც აუცილებლად დადგება, თუ "ოცნების" ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში", - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა თუ განახორციელებს გეგმას და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, ეს გაანადგურებს იმას, რაც საქართველოს დემოკრატიისგან დარჩა, ასევე, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი დასავლეთისგან.
"ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებეთ, თუ ეს განცხადებები განხორციელდება“, – თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.