ჩვენი პარტია არის ზეგამჭვირვალე, ყოველთვის ვაბარებთ ანგარიშებს თავის დროზე და არაფერი კითხვა არ არის ჩვენს დაფინანსებაზე. კითხვა არის იმ კორუმპირებულ ადამიანებზე, ვინც ძარცვავს ქვეყანას ხალხის ხარჯზე და მათ 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძეს კომენტარი სთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.
„კორუფციის ჭაობშია ჩაფლული „ქართული ოცნება“ და ეს მთელმა ქვეყანამ იცის. სპეცრეისებით დაფრინავენ საშოპინგოდ – დუბაი, მილანი, შვილები სპეცრეისებით მიჰყავთ ამერიკაში სასწავლებლად, ნახევარმილიონიანი საათები და რა ვიცი, რა დღეში არ არიან, და ანტიკორუფციული ბიურო რითი არის დაკავებული? გეკითხებით, ეს ანტიკორუფციული ბიუროა თუ კორუფციიის შენახვის თუ „გაპრავების“ ბიურო „ქართული ოცნებისთვის?“ არაფერი წერილი არ მიმიღია, ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამით არის დაკავებული და არ აინტერესებს, საიდან უკეთია ხელზე ნახევარმილიონიანი საათი ქალაქის მერს და საიდან გააფრინა პენსიონერი მამის მიერ დაფინანსებული სპეცრეისით შვილი პრემიერ-მინისტრმა. ამით რომ არ ინტერესდება, მგონი, ყველაფერი დღესავით ნათელია. ამ უსამართლობაში ცხოვრობს საქართველო. ჩვენი პარტია არის ზეგამჭვირვალე, ჩვენ ყოველთვის ვაბარებთ ანგარიშებს თავის დროზე და არაფერი კითხვა ჩვენს დაფინანსებაზე არ არის. კითხვა არის იმ კორუმპირებულ ადამიანებზე, ვინც ძარცვავს ამ ქვეყანას ხალხის ხარჯზე და მათ 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.