საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ Telegram-ს დამფუძნებლის პაველ დუროვის დაკავების შესახებ ეჭვქვეშ დააყენა საერთაშორისო ორგანიზაციების მზადყოფნა დაიცვან მისი უფლებები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წელს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის Human Rights Watch-ი, Amnesty International-ი, Freedom House და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთში Telegram-ის დაბლოკვას.
„საინტერესოა, ახლა რას მოიმოქმედებენ ეს ორგანიზაციები - მოითხოვენ საფრანგეთში დაკავებული დუროვის გათავისუფლებას თუ ენას გადაყლაპავენ? - თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, ადრე დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ რუსეთის ხელისუფლებას, არ ჩარეულიყო Telegram-ის მუშაობაში.
„მათ მიმართეს გაერო-ს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და სხვა მთავრობებს, თხოვნით წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის ქმედებებისთვის და დაეცვათ გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ძირითადი უფლებები“, - წერს ზახაროვა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი პარიზის გარეუბანში, ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, 39 წლის დუროვი იმ დროს დააკავეს, როდესაც საკუთარი თვითმფრინავიდან ლე ბურჟეს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გადავიდა.
რუსეთის მოქალაქე დუროვი, რომელსაც ფრანგული პასპორტიც აქვს, რეგისტრირებული იყო ძებნილ პირთა სიაში და საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა. საფრანგეთმა მანამდე მასზე ჩხრეკის ორდერი გასცა.