25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა.
მარო მაყაშვილი 1902 წელს დაიბადა კონსტანტინე მაყაშვილისა და თამარ გაბაშვილის ოჯახში.
კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, თამარ გაბაშვილი კი - მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი. მარო მაყაშვილმა დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო.
ის 19 წლის იყო, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა. მაშინ ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, სტუდენტი გოგო კი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა.
“საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. მტერი ჯერ შორს არის. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რამე ტკბილეული გამოგზავნეთ…თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა…მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – წერდა მარო მაყაშვილი დღიურში. ორი დღის შემდეგ მარო მაყაშვილი ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა.
იმდროინდელმა პრესამ მაროს "ქართველი ჟანა დარკი" უწოდა.
მარო მაყაშვილი თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, სადაც დღეს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობაა განლაგებული.
მარო მაყაშვილის პატივსაცემად, კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა დაისის მთავარ გმირ ქალს მარო უწოდა.
2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული გმირი 1918 წლის 12 ივნისს დღიურში წერდა: „იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის“.