„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაასრულეს ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში, სადაც ისინი დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრნენ, სადაც დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატად. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ კონგრესის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს დემოკრატ კონგრესმენებთან და სენატორებთან.
"პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს სენატორ კრის მერფთან, სენატორ კრის კუნსთან, კონგრესმენებთან - ჯერი კონოლსთან, გრეგორი მიქსთან, დილ ფილიფსთან, "მაიკროსოფტის" წარმომადგენელთან და სხვა დემოკრატ ლიდერებთან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ასევე NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც პარტიის ლიდერები შეხვდნენ კონგრესმენებს, სენატორებს და დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს.
"„დღეს, დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა კამალა ჰარისი საპრეზიდენტო კანდიდატად, სწორედ აქ, ჩიკაგოში. ჩვენთვის ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, რადგან შევხვდით ძალიან ბევრ კონგრესმენს, სენატორს დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს. ყველას ძალიან კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები როგორც შესაძლებლობა, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროატლანტიკური არჩევანი და აღვადგინოთ ურთიერთობები აშშ-თან, აღვადგინოთ პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, რაც საქართველოსთვის უამრავ სიკეთეს მოიტანს, როგორც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, ამერიკული ინვესტიციები, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ამ ყველაფრის შესაძლებლობა არის სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს პროდასავლურ არჩევანს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.