„ქართული ოცნების“ სტატისტიკით დაახლოებით 14 პროცენტი არის უმუშევრობის დონე, მაგრამ რეალურად მთლიანი უმუშევრობა ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 40 პროცენტს. ამიტომ აუცილებელია ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, აღვადგინოთ აშშ-თან ურთიერთობა, მოვიზიდოთ ამერიკული, დასავლური ინვესტიციები, რაც მოიტანს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.“ - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა
„რუსული კანონის მიღებიდან დაახლოებით ორი თვე არის გასული და ჩვენ ზუსტად ვიცით ის პოლიტიკური მიზეზები, მიზნები და ამოცანები, რაც „ქართულ ოცნებას“ ამოძრავებდა, როდესაც რუსულ კანონს იღებდა - ეს იყო საერთაშორისო იზოლაცია, საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანა და შიდა პოლიტიკური რეპრესიების მოწყობა, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ახლა უკვე დაგვიანონსეს, რომ არც ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს.
ნუ დაგვავიწყდება რუსული კანონის ძალიან უარყოფითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე. ჩვენი ეკონომიკა სამწუხაროდ არც მანამდე ბრწყინავდა, მაგრამ მე მინდა წარმოგიდგინოთ თუ როგორ აისახა რუსული კანონის მიღება, საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია ქართულ ეკონომიკაზე. მაგალითისთვის, საერთაშორისო შემოდინებები, ჩვენი სავალუტო რეზერვები იზრდებოდა ხოლმე გასულ წლებში ივლის-აგვისტოს თვეებში, მაგალითად ორი წლის წინ ჩვენ სავალუტო რეზერვების ზრდა შეადგენდა 370 მილიონ დოლარს იმისთვის, რომ გადაზღვეულიყო მომავალი თვეები, როდესაც ტურისტული ასეთი აქტიური არ არის, მაგალითად ნოემბერში და დეკემბერში. წელს ივლისში სავალუტო რეზერვების ზრდა იყო 75 პროცენტით ნაკლები, თითქმის განულდა და ჩამოვიდა 91 მილიონზე. 370 მილიონიდან 91 მილიონამდე შემცირდა. აქვე ჩვენი მთავრობა ხშირად ტრაბახობს ხოლმე სამუშაო ადგილების შექმნით და ამ სტატისტიკით მე მინდა დაგანახოთ სიმართლე, რაც შეეხება სამუშაო ადგილებს და სამუშო ძალას, რომლის სტატისტიკის მიხედვით მონაცემები დაახლოებით 14 პროცენტი არის უმუშევრობის დონე, ხოლო ამ 14 პროცენტში შედის ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან 500 ლარზე ნაკლებ ხელფასზე. ჩვენ არ ვთვლით, რომ სამუშაო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი დასაქმება როდესაც ადამიანს ურჩევნია ასაკობრივ პენსიაზე იყოს და უფრო მომგებიანი იქნება მისთვის, ვიდრე მუშაობდეს და იღებდეს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ქვეყანაში არის პენსია. ასეთი არის 160 000 ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულად თვლიან 55 000 ადამიანს, რომელსაც სოფლად პატარა მიწის ნაკვეთი გააჩნია, ან რამდენიმე ქათამი ჰყავს და ის დასაქმებულად ითვლება, მას მეტი შემოსავალი თურმე არ სჭირდება. ამ ციფრების, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მთლიანი უმუშევრობა ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 40 პროცენტს. ამ მონაცემების გასამყარებლად კმარა მხოლოდ იმ სტატისტიკის ამოწევა, რასაც იგივე სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს, რომ თურმე თბილისში უმუშევრობა არის 17,5 პროცენტი, ხოლო გურიაში უმუშევრობა არის 16 პროცენტი. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა თუ როგორ იტყუებიან უმუშევრობასთან დაკავშირებით.“, - განაცხადა „ პეტრე ცისკარიშვილმა.