ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მსვლელობა ქართველ ხალხთან ერთად მცხეთიდან იწყება. ეს არის ადგილი, სადაც ერთიანდება ჩვენი სულიერი, ისტორიული და კულტურული თვითმყოფადობა; ადგილი, სადაც თავს იყრის საქართველოს უძველესი და ახალი ქრისტიანული ეპოქა; ყოველი ქართველისთვის საკრალური და წმინდა ადგილი; საქართველოს ერთიანობის, ძლიერებისა და მარადიულობის ნიშანსვეტი.
ეს მხარე კავკასიის კარია, საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭის ღირსეული მცველი, სვეტიცხოვლის, გერგეტის სამების და ლაშარის ჯვრის მადლით განმტკიცებული. სწორედ ამიტომაც არის ბევრი ბრძოლის, ბევრი გამარჯვების მომსწრე და მონაწილე მცხეთა, ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი, ქსნისხევი, საქართველოს ისტორიის ნამდვილი მემატიანე.
ისტორიულმა ქარტეხილებმა საქართველოს ბევრი იარა დაუტოვა. დაკორტნა და დაგლიჯა ჩვენი სამშობლოს სხეული. ამიტომ არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი ამოცანა ჯერ კიდევ ცოცხალი იარების მოშუშება და ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, ტრადიციების პატივისმცემელი, ღირსეული ქვეყნის შენება. ამ სანუკვარ მიზანს განუხრელად სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ვინაიდან ამ ომს მხოლოდ მშვიდობით მოვიგებთ.
ამ ადგილმა ყველაზე კარგად იცის, თუ რამდენად რთულ და საფრთხეებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ. თუმცა, ზუსტად ამ მდებარეობამ გამობრძმედდა და ჩვენი ხალხის გენეტიკურ მეხსიერებაში ჩაბეჭდა ქარტეხილებთან ბრძნულად გამკლავების უნარი. დღესაც, ისტორია მეორდება. დღესაც გვიწევს, რომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიცვათ საქართველოს, ჩვენი ხალხის ინტერესები. და ეს მაშინ, როდესაც ცეცხლის ალში გაეხვია ლამის ნახევარი სამყარო. ეს მაშინ, როდესაც უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, და სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი ხელით არყევენ საკუთარ ქვეყანას.
ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა. თუმცა, საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას.
როცა ვსაუბრობთ ღირსებაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. უსამშობლო ძალები, იმასაც კი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი სათაკილო გახადონ. მათ გასაგონად, ვინც სხვის დროშას იფიცებს და სხვის ჰიმნს იზეპირებს, მინდა ვთქვა: ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ხელისუფალის. ღირსებაა ჩვენი თვითმყოფადობა და მისი პატივისცემა, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შეცნობა და გააზრება. ღირსებაა შენი წინაპრების ღვაწლის დაფასება. ღირსებაა შენი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის სიყვარული. ღირსებაა გიყვარდეს შენი სამშობლო და მას აყენებდე ყველაფერზე მაღლა. ამიტომაც ჩვენი გზა არის და იქნება ღირსეული, რადგან ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, უბრალოდ ფუჭია.
ქართველი კაცი უაღრესად ამაყია და თავმოყვარე, ნიჭიერი და მშრომელი. სხვაგვარად არ გვექნებოდა ეს სიდიადე - ჯვარი, სვეტიცხოველი თუ სამთავრო. ჩვენი ვალია ამ ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო პირობების შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება. თუმცა დღეს, ჩვენ უკვე გავანახევრეთ უმუშევრობა, სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, გავაორმაგეთ ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და ვართ ევროპის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით. თითოეული ქართული ოჯახისთვის კეთილდღეობის არსებითად გაუმჯობესება არის ჩვენი დაპირებაც და მიზანიც, ვინაიდან მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი საქართველო არის მშვიდობის, ერთიანობის და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.