26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
"ქართულ ოცნებას" სურს, რომ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე დაჯდეს და გვალაპარაკოს 2008 წლის ომზე, რომელზეც პასუხი გაცემული აქვთ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს, ასევე ევროსაბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე და იმაზე, რომ ძალიან მალე, 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, რომლებიც "ქართული ოცნების" პერიოდში ძალიან ბევრი დაგროვდა", - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე.
შეგახსენებთ, ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ "ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს "წინასწარ დაგეგმილ ღალატს" უწოდებს.