ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის, - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგარეჯოში, სოფელ მუღანლოს ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბაშაძის თქმით, მონოპოლიები უნდა დასრულდეს. ვაშაძე პირობას დებს, რომ ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ არცერთი ქალაქი და სოფელი უყურადღებოდ არ დარჩება.
„განწყობა არის ერთიანობისკენ, განწყობა არის ცვლილებებისკენ, განწყობა არის მომავლისკენ, განწყობა არის ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში შეთანხმებაა, რომ წარსულში უნდა დავტოვოთ “ ქართული ოცნება”. ეს პარტიული არჩევნები არ არის. ეს არჩევნები არის წარსულსა და მომავალს შორის. ევროკავშირსა და ჭაობს შორის რომელშიც “ ქართული ოცნება”გვაცხოვრებს.
ზოგადად, ხალხს უჭირს, გაზრდილი ფასები, გლეხის ნაშრომს არაფრის ფასი არ აქვს. რაც შემოტანილია, რაზეც მონოპოლიებია უზარმაზარი ფასები ადევს. ეს აწუხებს საზოგადოებას და ამ მონოპოლიებს ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ. ყველა სოფელს მივხედავთ. წყლის პრობლემაა სოფელში, გზის პრობლემაა სოფელში. ახალგაზრდები აღარ არიან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, შობადობა გაიზარდოს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მეტი შემოსავალი იყოს. ამას ვპირდებით მოსახლეობას და აუცილებლად შევასრულებთ ამ ყველაფერს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.