თავიდან მეც ის ვიფიქრე, რომ ციხეს აჩვევენ, მაგრამ მერე დავუკავშირდი ქალბატონ ნინოს, „ვივამედის“ ხელმძღვანელს და მან დამამშვიდა ამ თვალსაზრისით, მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც, ორის ნაცვლად, უკვე სამი ოთახი აქვს და ტელევიზორიც, მგონი, თუ არ ვცდები, დღეიდან ექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას კომენტარი სთხოვეს მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.
„ეს პასუხი რომ მოვისმინე, ვერ მივხვდი, რაზე იყო ატეხილი ეს ქარიშხალი ჭიქაში, ალბათ უახლოეს საათებში ნათელი მოეფინება, ბატონ სააკაშვილს აქვს თუ არა ტელევიზორი. ვფიქრობ, ეს იყო დისკუსიის მთავარი საგანი. რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ითხოვდეს ამას. მისი გუნდი კი უნდა ითხოვდეს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მასთან შეხვედრისა და პოლიტიკური კონსულტაციების საშუალება წინასაარჩევნოდ მიეცეს. სააკაშვილი მაინც ციხეში ზის და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს სალაპარაკო, რომ სანატორიუმშია, ისვენებს. ასევე, იმის გამო, რომ საავადმყოფოში არ ეძლევა საშუალება, პარლამენტის წევრებს და თავის თანაგუნდელებს შეხვდეს. შეიძლება, დიდად არ ღელავენ „ნაცები“, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მაინცაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სჯობს, წესიერად იყოს ჩართული. ახლაც ციხეში მგონია სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამბობს, სასტუმროშიაო. მე მისი დაკავების დღიდან ეჭვი არ შემპარვია, რომ დღესაც ციხეშია. საუბარი არის სხვანაირ საკანში ჯდომაზე და ვინაიდან საკნებს შორის განსხვავება მაინცდამაინც არსებითად თავისუფლების ხარისხს არ აუმჯობესებს, მე სალაპარაკოს არ მივცემდი „ქართულ ოცნებას“. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ადგილმდებარეობა – არც ისე და არც ასე – არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მოახდენს ის, მას ექნება თუ არა კავშირი თავის თანაგუნდელებთან და იქნება თუ არა ჩართული საარჩევნო პროცესში. ეს უნდა იყოს ძირითადი მიმართულება „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა ხვიჩიამ.