საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს რაც წარმოადგენს, მონიტორინგს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები უწევენ. ყველა რწმუნდება, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკის რეალიზება არ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა: „რუსულ ორგანიზაცია „თავისუფლება მშვიდობისთვის“ თბილისში ფორუმს ატარებს, სადაც მოითხოვენ საქართველო-რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენას. არის თუ არა საფრთხის შემცველი მსგავსი აქტივობები?“
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისთვის ამ ღონისძიებაზე არაფერია ცნობილი.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცნობილია, რა არის წინაპირობები – ეს არის დეოკუპაცია.
„სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, სხვადასხვა იდეა და აზრი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ჯგუფს. საქმე ისაა, რომ ის, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, ამ რისკებს მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები და, მგონი, ყველა რწმუნდება, რომ განსაკუთრებით ამ რთულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ის, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ შესაბამისი მონიტორინგის ქვეშ არის ყველა შესაძლო დესტრუქციული ქმედება. ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მგონი, ცნობილია, საერთო ჯამში, რა არის წინაპირობები, ეს არის დეოკუპაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.