"ქართულმა ოცნებამ" ვიღაცები შეაგუა, რომ შიმშილით უნდა კვდებოდნენ, ქვეყნიდან გარბოდნენ და ამ დროს, მურუსიძის მეგობრები მილიონ დოლარიან სახლებში ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ "დღის ამბების" ეთერში კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, ხელისუფლების შეცვლის მიზნით საჭიროა, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.
"ქართულმა ოცნებამ" ვიღაცები შეაგუა, რომ შენ უნდა კვდებოდე შიმშილით, შენ უნდა სესხულობდე ფულს, გარბოდე ამ ქვეყნიდან, მაგრამ აქვე ყურისძირში მურუსიძის მეგობრები და დაქალები მილიონ დოლარიან სახლებში ცხოვრობდნენ. ეს ყველაფერი არის დასამარცხებელი, რომ შანსი გაუჩნდეს ქვეყანას განვითარების. რომელიმე პოლიტიკური პარტია და ძალა კი არ არის ხელისუფლებაში მოსაყვანი, რა თქმა უნდა, მე გამიხარდება კოალიცია "ცვლილებებისთვის" რომ ვასპარეზობთ და მხარდაჭერას მოვიპოვებთ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმატება არ გამიხარდება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი მაგრად მუშაობა საკმარისი არ იქნება, ისეთი სისტემაა დღეს, რომ დამოკიდებულები ვხდებით ერთმანეთზე. არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს", - თქვა ნიკა მელიამ.