„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში ეტაპობრივად შედის. ვერ ვიტყოდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა დარეგისტრირებას არ აპირებს. ბევრთან კომუნიკაცია მაქვს და ის, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ემსახურებოდა იდეას და პრინციპებს, აუცილებლად დარეგისტრირდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ამ თვალსაზრისით, გაიფილტრდებიან ორგანიზაციები დარეგისტრირებისას ან არდარეგისტრირებისას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ, ქვეყანას, ხალხს და კანონს და დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდონ მაშინ, როცა საკუთარ დამფინანსებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. ამ კანონის იდეამ გაამართლა. ტალღის აგორება ჩაუვარდათ, როგორც კოვზი ნაცარში და ეს ადასტურებს, რომ ადამიანების მცირე ნაწილის გარდა, მათ ვერავინ მიიმხრეს. წარმოუდგენელი და საზიზღარი ეპიტეთები იყო. რუსული აგენტურა იმ ადამიანების მიმართ უნდა მიემართოს, ვინც ამ ტერმინებს იყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხო არ არის, რომ კანონს დაემალონ, გაუმჭვირვალე იყვნენ და ფინანსები ჩრდილში ჰქონდეთ. ორგანიზაციები იქნებიან, ვინც რეესტრში არ დარეგისტრირდება და საზოგადოება ნახავს, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება. არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც კანონი უნდა აღსრულდეს. მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არდარეგისტრირების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს უფლება და ვალდებულება აქვს, მოიძიოს ინფორმაცია, ეს საჯარო წყაროებიდან იქნება, კონკრეტული ორგანიზაციებიდან, თუ სხვადასხვა საშუალებიდან, მათ შორის ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში.
ერთი ამბავი იყო ატეხილი, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე უნდა ითანამშრომლონ თუ არა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ „ენჯეოების“ დასარეგისტრირებლად პირველწყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და უნდა აღასრულონ ის კანონი, რომელიც მათსავე ინტერესს ემსახურება, არ უნდა შეუწყონ ხელი მავნებლურ, აგენტურად ქცეულ არასამთავრონო ორგანიზაციებს, რომ ჩრდილში დარჩნენ და თავისი საქმეები მალულად აკეთონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.