შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნისადმი წერილში, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე და წევრები აწერენ ხელს.
წერილს ხელს აწერს წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარკ ვისი.
კონგრესმენები სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდებენ, დაუწესოს ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი "ახლო გარემოცვას", რათა აღმოიფხვრას "საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძები".
"ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები, მტკიცე შემავსებელი იქნება ჩვენი კანონპროექტის "მეგობარი" აქტს", - აღნიშნულია წერილში.
"ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს".
კონგრესმენების განცხადებით, საქართველოში მიმდინარე "მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად".
"ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ ინადირებენ თავისუფლად ქართველ ხალხზე და ვერ მიაყენებენ ზიანს მის დემოკრატიას", - ნათქვამია წერილში.
გარდა ამისა, კონგრესმენები ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიწყოს ბრძოლა "მსოფლიო ქოლცენტრების" სქემის წინააღმდეგ, რადგან მათი თქმით, ეს სქემა ეხმარება "ქართული ოცნების" მმართველობის სისტემას და გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე მათი ოჯახების წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის.