"მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც იმეორებს მსგავს რუსულ კანონს. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად" - განაცხადა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა. მის გამოსვლას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი "მკაფიო" იყოს იმის თაობაზე, რომ "ორპარტიული წინააღმდეგობაა იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება და იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია." მისი თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს. სენატორი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს "ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც გამოიწვია ეს ახლანდელი სიტუაცია იქ, [საქართველოში]."
ჯინ შაჰინმა, რომელიც მოსმენას უძღვება, გაიმეორა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დგამს საქართველოს მმართველი გუნდი მსგავს ნაბიჯებს.
„განსაკუთრებით რთულია იმის გაგება, რატომ ირჩევს საქართველოს მთავრობა ამ მიდგომას, იმის მიუხედავად, თუ მათი რამხელა ტერიტორიაა რუსეთის მიერ ოკუპირებული... ის, რაც იქ ყოფნისას მომისმენია, იყო დანარჩენი ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ დიდი შეშფოთება, სიღარიბე, ადამიანის უფლებათა შელახვა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში... ჩემთვის ძალიან ძნელი გასაგებია, რატომ არ უსმენს საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც ნათელია, რომ არ სურს ის, მიმართულება, საითაც ის მიდის“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.