ირაკლი კობახიძე ირანში გაემგზავრა, რათა პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომლებიც რეგიონში არსებობს და გვავალდებულებს, როგორც ერს და ქვეყანას, შესაბამის თანადგომას ჭირში, ლხინში თუ ინაუგურაციისას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის, ირაკლი კობახიძის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანში ვიზიტი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას გამოხატავს და "არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის".
"ალბათ, იგივე პათოსი გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩინეთში იყო ვიზიტი სხვადასხვა თანამდებობის პირების, იქაც იგივე ბრალდებები და დღეს ვხედავთ, რომ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი და ა.შ. ჩვენ სამყაროს არ ვუყურებთ ასეთი პრიზმიდან, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი და ა.შ.
ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება თუ როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ზუსტად ის ხალხი, რომელიც აჟიტირებს ხან იქით, ხან აქეთ, ამ ხალხმა ატეხა აქ არაერთხელ ომი და დავიდარაბა - შიდა თუ გარე, ასე, რომ ასეთი ხალხისგან, ქვეყნის შიგნით და მათ შორის, ქვეყნის გარეთ მრჩევლებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ რაიმე ასეთ რჩევას ვერ ვიღებთ,“ - თქვა პაპუაშვილმა.