საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ დაახლოებით ათასი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უცხო სახელმწიფოს ინტერესებში შესაძლო ჩარევაში, პარიზის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს. იუწყება AP.
მისი თქმით, საერთო ჯამში შემოწმების შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 26 ივლისს იწყება, 5 ათასამდე ადამიანი არ დაუშვეს.
”(მათ შორის) არის ათასი ადამიანი, რომლებზეც ჩვენ ეჭვი გვაქვს შეიძლება ითქვას, ჯაშუშობაში” - თქვა დარმანენმა.
გახსნის ცერემონიამდე შემოწმება გაიარა მილიონმა მოხალისემ, მუშაკმა და სხვა მონაწილეებმა, რომლებიც ჩართული არიან თამაშებთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე მათ, ვინც მოითხოვა საშვები პარიზის ყველაზე მკაცრად კონტროლირებად უსაფრთხოების ზონაში შესვლისთვის.
„ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ სპორტი არ გამოიყენება ჯაშუშობისთვის, კიბერშეტევებისთვის, კრიტიკისთვის, ზოგჯერ კი საფრანგეთისა და ფრანგების შესახებ სიცრუის გავრცელებისთვის“, - თქვა დარმანინმა.
მან დასძინა, რომ „ჩარევა და ინფორმაციებით მანიპულირება“ მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებიც მან არ დაასახელა.
მას ასევე არ უსაუბრია მეტ ინფორმაციაზე სავარაუდო ჩარევის შესახებ.
მისი თქმით, სხვა პირები, რომლებსაც ოლიმპიადაზე დასწრების უფლება შემოწმების შემდეგ აეკრძალათ, ეჭვმიტანილები არიან ისლამურ რადიკალიზმში, მემარცხენე ან მემარჯვენე პოლიტიკურ ექსტრემიზმში, კრიმინალურ წარსულში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.