ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის და რუსული კანონის შედეგად, ქვეყანაში აღარ შემოდის ინვესტიციები, შემცირდა პირდაპირი ექსპორტი, გვაქვს 48 პროცენტიანი ინფლაცია და საქართველოს მოქალაქეებს „ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა და საშინაო კორუფცია ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდათ, რომ ხელისუფლებას ლარის კურსი ერთ დონეზე შეენარჩუნებინა, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ოცნების“ კლანი ფოკუსირებულია არა ხალხის კეთილდღეობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე.
„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ჩვენი ეროვნული, ნაციონალური მთავარი იდეა და მიზანი იყო ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს სამივე ასპექტი ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში და იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაარღვია, აღარ მიისწრაფვის ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, „ოცნების“ კლანი ფოკუსირებულია არა ხალხის კეთილდღეობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარი ოჯახებისათვის მილიონების შოვნაზე და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში გაბატონდა კორუფცია, ჩვენ ვიღებთ შედეგად შემდეგ ეკონომიკურ სურათს და სწორედ ეს მინდა დღეს წარმოგიდგინოთ - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სურსათის ფასები 48 პროცენტით, ანუ ერთ ნახევარჯერ გაძვირდა იმ სასაქონლო კალათის ღირებულება, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და მტკივნეულია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ მაქსიმალური ზღვარი ანუ მიზნობრივი ინფლაცია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, იყო 18 პროცენტი. 10-15 პროცენტის ნაცვლად, რაც იქნებოდა ნორმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს 48 პროცენტიანი ინფლაცია. იმავდროულად, რომ აღარ არის ფოკუსირებული დასავლეთზე, ინვესტიციებზე, ქვეყანაში გვაქვს კორუფცია, კლანური მმართველობა, კარტელური იმპორტი, შეჩერდა ინვესტიციები. ჩვენ შედარებისთვის მოგიყვანეთ შორეული 2007 წელი, იმ პერიოდშიც კი, 17 წლის წინ იყო2-3 ჯერ მეტი ინვესტიცია, ვიდრე ჩვენ გვაქვს 2024 წლის პირველ ნახევარში. ჩვენი ინვესტიციები ამ წელს დასულია 200 მლნ დოლარამდე, რაც იმის ნახევარიც კი არ არის, რაც იყო 17 წლის წინ.
თქვენ ხშირად მოისმენთ „ოცნების“ წარმომადგენლების ტრაბახს, რომ ექსპორტი გაიზარდა, ჩვენ ჩავშალეთ თვითონ სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით ექსპორტის მონაცემები და რეექსპორტი, რომელიც რუსეთის სანქციების გვერდის ავლის სქემას მოარგეს და რამდენიმე ასეული ოჯახი კორუფციული, კლანური მმართველობის პირობებში კოლოსალურად მდიდრდება, შეიძლება ოდნავ გაიზარდა, თუმცა აქაც გვაქვს კლება, მაგრამ ქართული პროდუქციის ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, ბოლო ორ წელიწადში დაახლოებით ერთ ნახევარჯერ შემცირდა. ივანიშვილის კლანიდან მიღებული რეექსპორტის შემოსავლები რომ გამოვაკლოთ და ქართველი მეწარმეებისთვის, ქართული პროდუქციის ექსპორტია, ამ მონაცემებით გვაქვს მკვეთრი ვარდნა და შემცირება სწორედ რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს.
ამავე ფონზე, ფასების ზრდის ერთ-ერთი პროცესი არის ლარის არასტაბილური კურსი, უცებ რომ გაუფასურდება, შემდეგ ხელოვნურად გაამყარებენ, ფასები სამწუხაროდ იმ მაღალ ნიშნულზე რჩება, რომელზეც წინა პერიოდში იყო და აღარაფერი არ იაფდება და აი ამ მთელი დინამიკის შედეგი არის, რომ ბოლო ერთ წელიწადში თითქმის ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა რეზერვები, ანუ ივანიშვილის ეს საგარეო პოლიტიკა, საშინაო კორუფცია საქართველოს სახელმწიფოს დაუჯდა ერთი მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ ლარის კურსი შეენარჩუნებინა ერთ დონეზე, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ დავკარგეთ ინვესტიციები, გაგვეზარდა ფასები და კლანებმა იშოვეს მილიონები საკუთარი ოჯახებისთვის.
ბოლო პერიოდის სამწუხარო რეალობა, რაც შრომით ბაზარზე არსებობს - 110 ათასი დასაქმებული ადამიანი იღებს ნაკლებს ან გაცილებით ნაკლებს სახელფასო შემოსავლის სახით, ვიდრე ქვეყანაში არის პენსია, ანუ პენსიაზე ნაკლებ შემოსავლად მუშაობს 110 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ეს არის სწორედ იმის ბრალი, რომ არ გვაქვს ინვესტიციები, ექსპორტმა დაიწყო კლება, ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება ჩვენ არ ვართ დასავლეთთან ინტეგრირებული, არამედ ეს რეჟიმი ცდილობს, რომ ბოლომდე იყოს რუსეთზე და რუსეთის ბაზარზე მიბმული.
იპოთეკური სესხები ევროკავშირში არის დაახლოებით სამჯერ იაფი საბანკო სესხი, ვიდრე საქართველოში და ამ პრობლემას ვერაფერი ვერ ეშველა და არც ეშველება ამ პირობებში, რადგან ბანკებში არ არის ლიკვიდურობა, ხალხს არ აქვს დანაზოგები, ბანკებს შორის არ არის კონკურენცია, არ შემოდის ახალი ინვესტიციები და ამ რეჟიმის პირობებში ეს სამწუხარო რეალობაც ვერ იქნება შეცვლილი.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.