საქართველოს 250 მლნ ლარი უნდა მიეღო დასავლეთისგან პირდაპირ მცირე და მიკრო ბიზნესების დახმარების მიზნით, მაგრამ ეს ყველაფერი გაჩერებულია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იზოლაციაში იმყოფება. მიისვე თქმით, რუსული კანონის მიღებით, მთავრობამ მკაფიოდ გამოხატა და დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გიყვებოდით იმ პროექტებზე, იმ მიმართულებებზე, რომელიც საქართველოში დაზიანდა ჩვენი მთავრობის იზოლაციის ფონზე რუსული კანონის მიღების შედეგად. ისეთი სფეროები როგორიც არის ინფრასტრუქტურის განვითარება, ლოჯისტიკური ცენტრები, განათლების სფერო. დღეს მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ მცირე და მიკრო ბიზნესის დაფინანსებაც პრაქტიკულად შეწყვეტილია, რა მიმართულებითაც ჩვენ მომავალი წელიწად ნახევრის განმავლობაში დასავლელი პარტნიორებისგან ველოდებით 250 მლნ ლარის პირდაპირ მცირე და მიკრო ბიზნესების დახმარების მიზნით. ეს არის გრანტები, დახმარება იმ საწარმოებში, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გაფართოვდნენ, დაასაქმონ მეტი ადამიანი, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ისევე როგორც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, მაგალითად ევროკავშირიდან, იყო ასეთი პროექტი გრანტების დახმარების მიზნით - you for business, ეხმარებოდა სოფლის მეურნეობის საწარმოებს, მრეწველობის მცირე ბიზნესებს, ციფრული საგადასახადო შემოღების თვალსაზრისით, ტექნოლოგიების დანერგვის, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის, ბევრი მიმართულებით, მაგრამ ეს ყველაფერი გაჩერებულია, რადგან ეს მთავრობა იმყოფება იზოლაციაში, მათ მიიღეს რუსული კანონი, რითაც მკაფიოდ გამოხატეს და დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ და დასავლეთიდანაც მიზეზ შედეგობრივი კავშირი როგორი იქნებოდა, ამის პროგნოზირება რთული ნამდვილად არ იყო და ერთ-ერთი გამოხატულება ამისა არის სწორედ ის შეწყვეტილი, გაჩერებული დახმარება, რომელიც უნდა წამოსულიყო მიკრო და მცირე ბიზნესისთვის შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში და მე მინდა ვკითხო პრემიერ მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, საიდან მოგაქვთ ეს ფული? საიდან მოგაქვთ ეს ტექნოლოგიები, ტექნიკური დახმარება? რით აპირებთ ამის კომპენსირებას? ეს არის ის პოტენციური დახმარება, რომელიც თქვენ შეუწყვიტეთ ჩვენს მოქალაქეებს, როდესაც მათ შეძლოთ გაეფართოებინათ თავიანთი ბიზნესი, დაესაქმებინათ მეტი ადამიანი, ჰქონოდათ მეტი კეთილდღეობა, გამხდარიყვნენ ინვესტიციისთვის კიდევ უფრო მიმზიდველები, ჰქონოდათ საექსპორტო ბიზნესი, ამით გამყარებულიყო ჩვენი ეროვნული ვალუტა, ყველაფერი ეს გაჩერდა, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს მართავს „ოცნების“ რეჟიმი, რომელმაც იზოლაციაში მოაქცია ჩვენი ქვეყანა ერთადერთი მიზნით, რომ რაც უფრო მეტი ავტოკრატია იქნება, რაც უფრო მეტად დაემსგავსებიან რუსეთს, მით უფრო დიდხანს დარჩებიან ხელისუფლებაში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.