საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, საქართველოს მთავრობის კურსის გამო საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
ამის შესახებ ფიშერმა საერთაშორისო კონფერენციის, „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნამდე ისაუბრა
„დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. აქ არის გერმანიის პარლამენტის სამი წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პროცესში, გაწევრიანების პროცესში, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში. გერმანიის მხრიდან ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის და ღრმა ურთიერთობა. ჩვენ აშშ-თან ერთად ვართ საქართველოსთვის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი დონორი.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს. გერმანიის სამხედროებმაც გააუქმეს მონაწილეობა ახალ პარტნიორობაში. ჩვენ გავაუქმეთ პროგრამა, რომელიც გასულ წელს თბილისში ჩატარდა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. ახლა ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა. ჩვენ ვიყავით აშშ-თან ერთად საქართველოს თავდაცვის საუკეთესო პარტნიორი, სწორედ აქ გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით“, – განაცხადა ფიშერმა.