ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, ბორნოს შტატში, ტერორისტულ თავდასხმებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ორსულები.
დაშავებულია 42 ადამიანი, მათ შორის 19-ის მდგომარეობა მძიმეა.
ასაფეთქებელი მოწყობილობები მოქმედებაში მოიყვანეს ქალაქ გვოზას რამდენიმე ლოკაციაზე - ქორწილში, დაკრძალვის ცერემონიაზე და საავადმყოფოში.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე ორმა თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთ თვითმკვლელს, ზურგზე ბავშვი ჰყავდა.
რეგიონში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ამასთან, მსგავსი ტერაქტები მანამდე არაერთხელ განხორციელდა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ბოკო ჰარამის მიერ, რომელიც ხშირად იყენებს ქალებს ტერაქტების მოსაწყობად.
2014 წელს „ბოკო ჰარამმა“ ბორნოს შტატში ქალაქი გვოზა და სხვა რაიონები დაიკავა და ხალიფატი გამოაცხადა. 2015 წელს ნიგერიის არმიამ, ჩადის შეიარაღებული ძალების დახმარებით, გაათავისუფლა ქალაქი და ისლამისტები მთებში განდევნა, საიდანაც ისინი განაგრძობენ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, „ბოკო ჰარამის“ და სხვა დაჯგუფების, კერძოდ, ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციის“ (ISWAP) თავდასხმების შედეგად ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში დაიღუპა 40 000-ზე მეტი ადამიანი და 2 მილიონი დევნილი გახდა. კონფლიქტი მეზობელ ნიგერში, კამერუნსა და ჩადში გავრცელდა, რამაც რეგიონალური თავდაცვის კოალიციის შექმნა გამოიწვია.
ტერორისტები ხშირად იტაცებენ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს. 2024 წლის მარტში კადუნას შტატში 300-მდე სკოლის მოსწავლე გაიტაცეს.
ნიგერიის არმია ახორციელებს ოპერაციებს ტერორისტების წინააღმდეგ, რის შედეგადაც ზოგჯერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლებას ახერხებს. 2015 წლის აპრილში, ნიგერიელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 200 გოგონა და100-მდე ქალი, რომლებიც ბოკო ჰარამის ტყვეობაში იმყოფებოდნენ.