კვირას, 30 ივნისს, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწყო.
ფრანგები ეროვნული ასამბლეის - პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს აირჩევენ. ქვეყანაში მოქმედებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი იმარჯვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას.
თუ ეს არ მოხდა, იმართება მეორე ტური (საფრანგეთში ის 7 ივლისს არის დაგეგმილი). მასში მონაწილეობს ყველა კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 12,5%-ის ხმა მიიღო. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით დაინიშნა. რიგითი არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო.
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის ცენტრისტული კოალიციის მიერ ხმების 15%-ზე ნაკლების მიღება.
მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე პოპულისტმა მარინ ლე პენმა და მისმა „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.