Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დონორებს ნიუ იორკში შეხვდა.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენი არჩევნებიდან გამოთიშვას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, არ იყრიდა კენჭს გამარჯვების რწმენა რომ არ ჰქონოდა.
„მე მესმის თვენი შეშფოთება დებატებთან დაკავშირებით. არ მქონდა საუკეთესო საღამო“, – თქვა ბაიდენმა.
მანამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა აღიარა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დებატები დონალდ ტრამპთან მისი "ვარსკვლავური საათი" არ ყოფილა. თუმცა აღნიშნა, რომ ერთი ივნისის დღის გამო არაფერი შეცვლილა.
„ტრამპი დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ამიტომ ნოემბრის მომავალ არჩევნებში ფსონები უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, არაფერი შეცვლილა ივნისის ერთი დღის გამო,- თქვა ჰარისმა.
ამასთან, The New York Times-ის სარედაქციო საბჭომ ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლის დატოვებისკენ მოუწოდა.
„ბაიდენს შეუძლია, ყველაზე დიდი საჯარო სამსახური გასწიოს და გამოაცხადოს, რომ მეორე ვადით კენჭს არ იყრის. დემოკრატებს ჰყავთ ლიდერები, რომლებიც უკეთესად არიან მომზადებული, რომ ტრამპთან შედარებით მკაფიო, მყარ და ენერგიულ ალტერნატივად გამოჩნდნენ. პარტიას ქვეყნის სტაბილურობით, უსაფრთხოებით გარისკვის მიზეზი არ აქვს“, - დაწერა გამოცემამ.