ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა.
ოთარ კიტეიშვილის თქმით, ეცდებიან ესპანეთთან მცირე შანსიც კი გამოიყენონ.
“ჩემპიონატის დაწყებამდე ჯგუფური ეტაპის დაძლევა გვინდოდა, ახლა კი, პლეი ოფში ვართ და ყველა ესპანეთთან მატჩზე და მათთან შესაძლო მოგებაზე საუბრობს. ქართველები ამბიციური ხალხი ვართ და ვეცდებით, ჩვენი მცირე შანსიც კი გამოვიყენოთ. პორტუგალიაც ამ ტურნირის ერთი-ერთი ფავორიტი იყო და თამაშის წინ მათთან გამარჯვება, შესაძლოა, წარმოუდგენლად ჩათვლილიყო, თუმცა, ეს შევძელით. ახლა, ეს თავდაჯერება, მუხტი და ემოციური ფონი ესპანეთთან მატჩისთვის უნდა "წავიღოთ". შესაძლოა, მათ ისეთი გუნდი აღარ ჰყავთ, როგორიც რამდენიმე წლის წინ, თუმცა, გამორჩეული თამაშის სტილი გაჩნიათ. მათთან წარმატების მისაღწევად, რა თქმა უნდა, "კარგი დღე" გვჭირდება. მაქსიმალურად კარგად უნდა შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები და ცოტა უნდა გაგვიმართლოს კიდეც. თუკი მეტოქის რიგებში რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევაზე მიდგა საქმე, მე გარემარბებს – ვილიამსსა და იამალს დავასახელებდი, თუმცა, ჩემი ფავორიტი მაინც პედრია".
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება 30 ივნისს არის დაგეგმილი. თამაში კიოლნის სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
europop