ტელეარხ NBC News-ის ცნობით, პენტაგონმა გადაწყვიტა თავისი ძალების გადანაწილება ახლო აღმოსავლეთში, რათა მზად იყოს ამერიკელების ევაკუაციისთვის ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების შესაძლო ესკალაციის გამო.
მიმდინარე კვირაში ხმელთაშუა ზღვაში გაემგზავრნენ ამერიკული სადესანტო გემი USS Wasp და 25-ე საექსპედიციო ქვედანაყოფის საზღვაო ქვეითები. ისინი შეუერთდებიან აშშ-ის ფლოტის კიდევ ორ გემს.
NBC News-ის წყაროების თქმით, USS Wasp იმოქმედებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში "იმისთვის, რომ მზად იყოს სამხედრო დესანტისა და სხვა მისიებისთვის" და რეგიონული ესკალაციის შემაკავებელი ფაქტორისთვის.
ტელეარხის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის მოკავშირეებთან, რათა კოორდინაცია გაუწიონ ევაკუაციას და კოალიციის ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას.
აშშ-ის დეპარტამენტის მონაცემებით, ლიბანში 86 000 ამერიკელი ცხოვრობდა. 2006 წელს ისრაელის ჰეზბოლასთან ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ლიბანიდან 15 ათასი მოქალაქის ევაკუაცია მოახდინა.
აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ დიდი დაპირისპირება ისრაელსა და ლიბანის ჰეზბოლას შორის შეიძლება მოხდეს მომდევნო რამდენიმე კვირაში, თუ იერუსალიმი და ჰამასი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწევენ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მანამდე გააფრთხილეს ისრაელი, რომ მისმა შეტევამ ლიბანში შესაძლოა, გამოიწვიოს ირანის პასუხი, რომელიც დაჯგუფება ჰეზბოლას მხარს უჭერს.