ევროკავშირის სტატუსის დე-ფაქტო გაყინვა ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირში წევრობის პროგრესის არანაირი რესურსი ამ მეთოდებით არანაირად არ გააჩნია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„თურქეთი, რომელსაც ათწლეულებია აქვს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას ეს სტატუსი არ ჩამორთმებია, მასაც აქვს დე-ფაქტო გაყინული ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს დე-ფაქტო გაყინვა ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივად კანდიდატის სტატუსი არ არის ოქტომბრამდე ჩამორთმეული, თუმცა დე-ფაქტო გაყინვა ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირში წევრობის პროგრესის არანაირი რესურსი ამ მეთოდებით არანაირად არ გააჩნია. "ქართულ ოცნებისთვის" კარი არის დახურული ყველა ევროპულ ფორმატზე, გამომდინარე მათი ავტორიტარული ქმედებებიდან და გამომდინარე რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი ინტერესების მსახურობიდან", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, ევროსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიო გახადონ თავიანთი ზრახვები არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და იწვევს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას“.