გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე იმერეთის რეგიონის მასშტაბით გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდნენ. გადამზადებულ პედაგოგებს სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელო - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცათ.
„მასწავლებლები სასწავლო პროცესში აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირების კუთხით, ახალგაზრდებს აწვდიან ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, სურსათის უვნებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციას, რაც მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას, დაინტერესდნენ აღნიშნული მიმართულების პროფესიებით, რომლებიც, დღეისათვის დეფიციტურია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი ახალ სასწავლო წელს გაგრძელდება.