ხვალ, 26 ივნისს, 18:00 საათზე სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით “ომი და მშვიდობა”, 19:00 საათზე კი, ღონისძიება გაგრძელდება თეატრალური წარმოდგენით “ანე ფრანკის დღიური”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისრაელელი და ქართველი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. საღამოს გახსნის ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ქრისტი ჯაფარიძე, სიმღერით “ოქროს იერუსალაიმი”.
ხვალინდელი ღონისძიება ეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლს, 15 წლის ებრაელ გოგონას, ანე ფრანკს, რომელსაც 12 ივნისს 95 წელი შეუსრულდებოდა.
ახმეტელის თეატრი და “ისრაელის სახლი” ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ეძღვნება საქართველო-ისრაელის ბოლო 35-წლიან სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს. პროექტის ფარგლებშიც, სექტემბერში ახმეტელის თეატრში დაგეგმილია ფესტივალი, რომლის ფარგლებში ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირაკლი გოგიას რეჟისორობით პირველად დაიდგმება უნიკალური სპექტაკლი “To Jerusalem from 2 Diaspora”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახმეტელის თეატრის მსახიობები, ისრაელის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის გოლდა მეირის შვილიშვილი, პიანისტი გიდი მეირი და ისრაელელი მსახიობი მეგი რომი, ასევე ქართველი მომღერალი ქრისტინე ჯაფარიძე. სპექტაკლი თბილისში, ხოლო შემდეგ იერუსალიმში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ასევე იგეგმება ქართულ ორგანიზაციებთან და მხატვრებთან ერთად ისრაელელი სამხედრო მოღვაწის იონათან ნეთანიაჰუს შესახებ ქართულ ენაზე წიგნის გამოცემა.
“ისრაელის სახლის” ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ახმეტელის თეატრის და “ისრაელის სახლის” ერთობლივი პროექტის მიზანია თეატრალური ენით და ბავშვების გულწრფელი ნამუშევრებით პოპულარიზაცია გაუწიოს მშვიდობას, გვახსოვდეს ტრაგიკული წარსული და ხელი შევუწყოთ ერებს შორის მყარ მეგობრულ ურთიერთობებს.
“ისრაელი ტერორიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა. სამწუხაროდ, მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ის არეალი, სადაც კიდევ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია იმ ქვეყნების ურთიერთსოლიდარობა, რომლებიც ნათელ მხარეს დგანან. ამ საქმეში განუზომელია კულტურის როლი. “ისრაელის სახლისთვის” ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა”, -აცხადებს იციკ მოშე.