ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა.
ახალი სანქციები შეზღუდვებს უწესებს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ართულებს ევროკავშირის მიერ დადგენილი სანქციებისთვის გვერდის ავლას. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ ახალი სანქციები ითვალისწინებს:
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადატვირთვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით;
მშენებარე LNG-პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას;
ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენების აკრძალვას;
პორტებთან დაშვების აკრძალვას და რუსეთის ომში მონაწილე გემების მომსახურების გაწევას;
ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას;
შემდგომი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.
გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთიდან დაფინანსების მიღების უფლება აღარ ექნებათ. სანქციებს კი 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირი დაექვემდებარება.