ბაქოში, ძებნილის დაკავების მცდელობისას სროლის შედეგად დაიღუპა სამი აზერბაიჯანელი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულია მსროლელიც. ამის შესახებ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ განაცხადეს.
სროლა შუველანის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.
ალავერდიევის დაკავების მცდელობისას მან, სავარაუდოდ, საპასუხო სროლა დაიწყო და ოჯახის წევრების ზურგს უკან იმალებოდა. ის სროლის შედეგად დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.