დაღესტანში სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ კონტრტერორისტულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც რეგიონში კვირას, 23 ივნისს საღამოს ეკლესიებსა და სინაგოგაზე თავდასხმები განხორციელდა. თავდამსხმელებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიასა და სინაგოგას დერბენტში, ანალოგიური თავდასხმა განხორციელდა მახაჩკალის ეკლესიაზე.
მედიის ცნობით, ტერაქტის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო დერბენტის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლაი კოტელნიკოვი. დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, შამილ ხადულაევის განცხადებით, 66 წლის მღვდელს ყელი გამოჭრეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მახაჩკალაში თავდამსხმელების მსხვერპლი გახდა ტაძრის მცველი. ამავდროულად, ტაძარში მყოფმა მოქლაქეებმა და სასულიერო პირებმა ეკლესიაში დამალვა მოახერხეს.
სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა. თუმცა, თავდასხმის შეედგად სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ხთავდასხმიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩააქრეს.
დაღესტნის ხელისუფლების წარმომადგენლის, სერგეი მელიკოვის განცხადებით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი, დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი. რესპუბლიკაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
მელიკოვის განცხადებით, სამართალდამცველებმა ექვსი თავდამსხმელი მოკლეს. ამასთან, მისივე თქმით, თავდამსხმელთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო.
დაღესტანში ტერაქტების შესაძლო ორგანიზატორების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის მელიკოვმა და სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ, განაცხადეს, რომ თავდასხმები "გარედან" იყო ორგანიზებული.