დაღესტანში შეიარაღებულ თავდასხმას ექვსი სამართალდამცველი და ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თავდასხმა ქალაქ დერბენტში მდებარე ეკლესიასა და სინაგოგაში განხორციელდა, ასევე ქალაქ მახაჩყალაში მდებარე სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე.
დაჭრილია 12 სამართალდამცველი. ოფიციალური პირების ცნობით, მღვდელი ეკლესიაში მოკლეს. ამასთან, როგორც რუსული მედია დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ლიკვიდირებულია ორი შეიარაღებული პირი.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, კვირას შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის პუნქტზე დერბენტსა და მახაჩკალაში. ტერაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
დაღესტნის შსს-ს მონაცემებით, მახაჩკალაში ორი თავდამსხმელი მოკლეს, გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით კიდევ ორი ბერიოზკას სანაპიროზე დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, მახაჩკალასა და დერბენტში მომხდარ თავდასხმებში მონაწილეობდნენ სერგოკალინსკის ოლქის ხელმძღვანელის მაგომედ ომაროვის შვილები. ომაროვი დაკავებულია.
ამასთან, სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით,მოკლულია ოთხი თავდასხმელი. მათ შორის ორი ომაროვის შვილი, ერთი კი ძმისშვილია.
დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.